ბათუმი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს. ოდესღაც ის იყო ძველბერძნული კოლონია, რომაული პორტი. ბათუმს თავს ესხმოდნენ ოსმალოები, მას იცავდნენ ქართველი მეფეები. რუსული იმპერიის შემადგენლობაში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეისათვის წარმოადგენს საქართველოს მთავარ საზღვაო პორტსა და უნიკალურ დასასვენებელ ადგილს.
ბათუმი დღითი დღე მშვენდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქი განსაკუთრებული ინტენსიურობით ვითარდება. ბათუმი ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავე დროს შეინარჩუნოს თავისი ისტორია. საარქივო მონაცემების მიხედვით აღდგენილი და რეკონსტრუირებული იქნა მე-19 საუკუნის შენობა-ნაგებობები. რუდუნებით შესრულებული სამუშაოს შედეგია უმშვენიერესი შენონები ლამაზი აივნებითა და მოაჯირებით, წყნარი მოკირწყლული ქუჩები და ჩამოსხმული ფასადები. ირგვლივ კი ზღვიდან მონაბერი სიოს, მოხარშული ყავისა და ციტრუსოვანთა სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.
ბათუმს მაღალგანვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია, რაც მას უცხოელი სტუმრებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თანამედროვე ბათუმის ფეშენებელური სასტუმროები „Sheraton“-ი “Radison"-ი და „Hilton“-ი შორიდანვე იპყრობენ მზერას თავისი ორიგინალური დიზაინით. საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოიზიდა სამშენებლო მაგნატები საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისათვის.
დღეს ბათუმის ცენტრალური ნაწილი წააგავს დასავლეთევროპულ ქალაქს ვაზით დამშვენებული ქუჩებით, შადრევნებითა და ხმაურიანი მაღაზიებით. ღამღამობით ქალაქი საოცრად არის გაჩირაღდნებული, სანაპირო ზოლი თვალისმომჭრელად არის განათებული. ქალაქის კლიმატი შავ ზღვაზეა დამოკიდებული, ყველაზე ცივი თვეა იანვარი, ყველაზე ცხელი კი - აგვისტო. ტურისტთა უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდანაა, თუმცა ბათუმის ქუჩებში ასევე გაიგონებთ ინგლისურ, ფრანგულ და სხვა მეტყველებასაც.
სოკოებივით მომრავლებულ რესტორნებსა და კაფეებში ტურისტებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები. ქალაქში აგრეთვე ბევრი მოდური ბუტიკია, ასევე ფუნქციონირებს პლასტიკური ქირურგიის კლინიკა. ბათუმში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა შორისაც უნდა აღინიშნოს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბულვარი. დღეისათვის ბულვარის სიგრძე შეადგენს 7 კმ-ს. ტურისტებისათვის აქ მრავალრიცხოვანი გასართობი ობიექტებია. შეგიძლიათ დაიქირავოთ ველოსიპედები და ბულვარში გაისეირნოთ, თან დაათვალიეროთ პლაჟი და ღირშესანიშნაობები.
ბულვარში მდებარეობს ე.წ. „ეშმაკის ბორბალი“, ქართული მწიგნობრობისა და კულტურის ძეგლი - ანბანის კოშკი, სხვა საინტერესო მონუმენტები. ბათუმის სტუმართმოყვარე და კეთილმოსურნე მოსახლეობა ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ, დაგაკვალიანოთ. ადგილობრივები ბათუმს „სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ. ბულვარში მრავლად ნახავთ ამ თემაზე შექმნილ ძეგლებს. მათგან ყველაზე ცნობილია ქალის წინაშე მუხლმოყრილი მამაკაცი, რომელიც თავის რჩეულს ჩუქნის წითელ გულს.
ქალაქში მოქმედებს სადღეღამისო ქორწინების სახლი, სადაც დღის ნებისმიერ დროს შეიძლება ქორწინების დარეგისტრირება. ჩამობრძანდით ბათუმში და დატკბით მისი სილამაზით!